მილანური დერბი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ჯახია და მას ფეხბურთის ქომაგები ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან. აღარაფერს ვამბობთ თავად „მილანის“ და „ინტერის“ თავგადაკლულ გულშემატკივრებზე. მათთვის „დელა მადონინა“ რელიგიურ დონეზეც კი არის და წარმატება-წარუმატებლობაზეც განსაკუთრებული რეაქცია აქვთ.
სერია ა-ს მორიგ ტურში „ინტერმა“ ნომინალურ მასპინძელ „მილანს“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 3:0 გადაურბინა. დერბი და პრინციპული დაპირისპირება იქით იყოს და ანტონიო კონტეს გუნდისთვის ამ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. „ინტერი“ მოსისხლე მტერს 4 ქულით გაექცა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
ამასობაშ კი სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ ამ მატჩში 1950 წელს დამყარებული რეკორდი განმეორდა, რომლის შემოქმედიც რომელუ ლუკაკუ შეიქნა. „ინტერის“ ფორვარდმა მეტოქეს მესამე გოლი გაუტანა და ამით 71 წლის წინ ბენიტო ლორენცის შედეგი გაიმეორა, რომელიც ასევე „ნერაძურის“ ღირსებას იცავდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ რომელუ ლუკაკუმ „ინტერის“ მაისურით „მილანს“ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაუტანა და როგორც უკვე ვთქვით, ასეთი ფაქტი ბოლოს შორეულ 1950 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ, „ინტერის“ არცერთ ფეხბურთელს იგივე აღარ გაუკეთებია, ვიდრე ეს ლუკაკუმ არ შეძლო.
27 წლის ბელგიელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისურით უკვე 23 გატანილი გოლია.





