როტერდამში დაწყებული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო, მაგრამ დიდ სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო.
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ქართველი წყალბურთელების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო. ვინც წყალბურთში კარგად ერკვევა ეცოდინება, რომ ელადელები სპორტის ამ სახეობაში ევროპაში კი არა, მსოფლიოშიც მოწინავეები არიან. თავად განსაჯეთ – საბერძნეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორები არიან, ოლიმპიურ თამაშებზე და კონტინენტის პირველობაზე კი ნახევარფინალები უთამაშიათ.
წყვილის ფავორიტად იმთავითვე ბერძნები მიიჩნეოდნენ, თუმცა მატჩის მიმდინარეობამ გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრები არაფრის დათმობას აპირებდა, რაზეც საბოლოო ანგარიშიც მეტყველებს – 11:10.
მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებს წინ გასვლის არაერთი შანსი მიეცა, გათანაბრებაც ბევრჯერ შეეძლოთ, თუმცა ამუშავდა სპორტში დაუწერელი კანონი – ძლიერებს უმართლებთ და ბერძნებმაც მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს წესით თურქეთის გუნდთან უნდა ჰქონდეს, მაგრამ შესაძლოა ეს დაპირისპირება არ გაიმართოს. როგორც გაირკვა, თურქეთის გუნდის 4 წყალბურთელს Covid 19 დაუდასტურდა და ტურნირის ორგანიზატორებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ჯგუფში ბერძნები და თურქების გარდა, მონტენეგროს, ბრაზილიის და კანადის გუნდები არიან თავმოყრილნი.





