ბელგიური მედია „ლოკერენის“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდს „გოლების მანქანა“ უწოდა.
გუშინ „სერენმა“ სტუმრად ლოკერენი 3:0 დაამარცხა და ბელგიის თასის 1/16-ფინალში გავიდა, 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კი ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
„ის გუნდში სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე მცირე ხნით ადრე დაბრუნდა, იმის გასაკეთებლად, რაც ყველაზე კარგად იცის. მიქაუტაძემ ძალიან თამამად ითამაშა ჩემპიონატში სტანდარდის წინააღმდეგ და მართალია, გოლი ვერ გაიტანა, თავდაჯერებად არც მაშინ დაკლებია.მართალია, ლოკერენი ფაქტობრივად სამოყვარულო გუნდია, თუმცა, მიქაუტაძე მისი პარტნიორების მსგავსად ძალიან მონდომებული იყო და ჰეთ-თრიკი შეასრულა. სერენს ბევრი აკრიტიკებს საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო, ამჯერად კი, ყველაფერი რიგზე იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოლების მანქანამ გუნდისთვის მუშაობა განაახლა. ის მაგნიტივით იზიდავდა ბურთს და ნამდვილი ბომბარდირივით მოქმედებდა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ღიმილითა და აუღელვებლად“, – წერს ბელგიური გამოცემა – lesoir.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა მეცმა გიორგი მიქაუტაძე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ სერენში, რომელიც ახლა ჟუპილერ ლიგაში თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ გასულ სეზონში „სერენის“ მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა.





