ცოტა ხნის წინ, რაგბის კავშირმა დაანონსა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სარაგბო მოედანი აშენდება. აღნიშნული პროექტით, ახალგაზრდა მორაგბეებს განვითარების უფრო მეტი შანსი ექნებათ.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა.
„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, ჩვენს საამაყო და ლეგენდარულ სპორტსმენებს, მინდა, დიდი მადლობა გითხრათ, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ იმ დიდი სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მოგინიჭებიათ ჩვენთვის, მთელი ერისთვის. რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ. ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია“. „ფონდმა „ქართუმ“ და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,რაგბის განვითარების საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სოლიდური ინვესტიციების ჩადება 12 წლის წინ დაიწყო და თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს არის სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და განხორციელებული ინვესტიციების შედეგი.
ის, რომ დღეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელი ქართველი ხალხის რაგბის ნაკრები მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ეს ნამდვილად საამაყოა. ჩვენი ამბიციაა, მსოფლიო ხუთეულში შევიდეთ და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ – მთავრობა, კერძო სექტორი დარა თქმა უნდა თქვენ. მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მთავრობისგან, ბიზნესისგან, რათა გავაორმაგოთ მიღწეული შედეგი.
განვითარების გეგმა ითვალისწინებს 100-მდე ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ათეულობით ბაზა აშენდება, რათა ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ რაგბში განსაკუთრებულად წარმატებულია ქართველი ხალხი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ჩემი მხრიდან, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.








