ვალენსია გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდის. ქართველმა მეკარემ “ვალენსიას” ძირითად გუნდში ბრწყინვალედ შეძლო თავის გამოჩენა. “ვალენსია” და მისი აგენტები კი მზად არიან სექტემბრის დასრულებამდე მამარდაშვილთან დაკავშირებული დეტალები ოფიციალურად მოაგვარონ.
“ვალენსია კი აპირებს, გამოსყიდვის ვარიანტი რაც შეიძლება მალე გამოიყენოს. საფასური ამ ეტაპზე არ აღწევს მილიონ ევროს, მაგრამ შეთანხმების საფუძველზე, დროის გასვლასთან ერთად, ფასი გაიზრდება. ორივე მხარის სურვილი ნათელია და სექტემბერში პირდაპირი კონტაქტი იქნება მხარეებს შორის. მამარდაშვილი მზარდი ღირებულებაა. ვალენსია აპირებს, რომ მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევრო ჩაუწეროს”, – წერს ესპანური გამოცემა Marca.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” მაისურით ლა ლიგის სამ ტურში შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და ერთი გოლი გაუშვა. ასევე ერთხელ მოხვდა ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.





