ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. 20 წლის ქართველმა მეკარემ ხეტაფესთან ფანტასტიკურად ითამაშა და ვალენსიას სეზონის პირველ გამარჯვებაში დაეხმარა.
ქართველმა კიპერმა ძალიან აუღელვებლად, მშვიდად და დამაჯერებლად ითამაშა. რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა და თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი 4 სეივით შეიტანა.
20 წლის მეკარემ ლა ლიგაში პირველი სეივი თამაშის 21-ე წუთზე მიითვალა. დამიან სუარესმა ჯარიმა დაარტყა და მამარდაშვილი დამაჯერებლად გაისარჯა. მეორედ მას საქმეში ჩართვა 35-ე წუთზე მოუწია, თუმცა არამბარის თავური დარტყმა სირთულეს არ წარმოადგენდა.84-ე წუთზე კი საქმეში მამარდაშვილი ისევ ჩაერთო, რომელმაც უგო დუროს საკმაოდ რთული დარტყმა აუღო თანაც რიკოშეტი იყო და რამაც ბურთზე რეაგირება გაართულა, მაგრამ გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. ყველაფრის კულმინაცია მსაჯის მიერ კომპენსირებული მე-3 წუთი იყო, როცა მამარდაშვილმა ფანტასტიკური, შესაძლოა, ტურის სეივიც შეასრულა და ვალენსიას სეზონი გამარჯვებით დააწყებინა.
მამარდაშვილი 2001 წლის შემდეგ პირველი ქართველია, რომელმაც ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.





