2020/21 წლების სეზონი ბრწყინვალე გამოდგა გიორგი მიქაუტაძისთვის. ლიგა 1-ის მეცის ფორვარდმა თავი ბელგიურ სერენში გამოიჩინა, სადაც 1-წლიანი იჯარით ითამაშა. მან 23 მატჩში 22 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, სერენი ბელგიის ტოპლიგაში გადავიდა, გიორგი ასევე საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს, სადაც 3 თამაში1 გოლის გატანა მოახერხა.სეზონის ბოლოს მეცის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მიქაუტაძეს შანსი მიეცათ. 29 ივნისიდან ქართველი ფორვარდი მეცის რიგებში ემზადება ახალი სეზონისთვის.
მეცის თავკაცმა ფრედერიკ ანტონეტიმ განაცხადა, რომ ორ პოზიციაზე გუნდს გაძლიერება არ აწყენდა – შეტევაში და ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
ფრედერიკ ანტონეტი (მეცის მწვრთნელი): “ამ ეტაპზე ფორვარდი და ცენტრალური მცველი მჭირდება სულ ეს არის. შემადგენლობაში შეიძლება კიდევ მოხდეს ცვლილებები. ჩვენი კლუბის პოლიტიკაა, რომ ახალგაზრდობას ვენდობით. დეტალებს არ შევეხები, რადგან ჯერ ამის დრო არ არის.
თავდამსხმელი მჭირდება, რადგან ეს გასულმა სეზონმა გამოაჩინა, სტაბილურობა გვესაჭიროება. შესაძლოა, გუნდში, რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშემ გამოიჩინოს თავი – მზადება და ამხანაგური მატჩები გამოაჩენს. თუ ასე მოხდა, შეიძლება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განვაცხადო, რომ აღარავინ გვჭირდება”.
გიორგი მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მან აუცილებლად უნდა გამოიჩინოს თავი, რომ ლიგა 1-ში დაიმკვიდროს ადგილი. ფრანგული მედიის პროგნოზით, ქართველ ფორვარდს ამის კარგი შანსი აქვს.





