ეროვნული ლიგის მე-21 ტურში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საგოლე მომენტებით დატვირთული გამოდგა. მე-18 წუთზე თორნიკე კაპანაძემ თბილისური გუნდის მეკარის რევაზ თევდორაშვილის შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გოლის შემდეგ ორივე გუნდმა რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
მეორე ნაახევარში „ლოკომოტივმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 62-ე წუთზე რატი მჭედლიშვილის გადაცემას საჯარიმოში მამია გავაშელიშვილი თავური დარტყმით გამოეხმაურა და ანაგრიში გაათანაბრა. 10 წუთში გორელებმა წინ გასვლა ისევ მოახერხეს. ალეფის გადაცემის შემდეგ, უსმან კამარამ ბურთი ჯერ იდეალურად დაამუშავა, შემდეგ კი მეტოქის კარისკენ გადაგზავნა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 33 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა, გორის „დილამ“ კი 35 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
„გორის დილა“ მომდევნო შეხვედრას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური „ჟილანას“ წინააღმდეგ გამართავს, თბილისის „ლოკომოტივი“ კი ეროვნული ლიგის ეგიდით ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.





