ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ბათუმის „დინამომ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გია გეგუჩაძის გუნდი წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
ბათუმელები მთელი თამაშის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და როგორც პირველ ტაიმში, ისე მეორე ნახევარში მეტოქის კართან არაერთი რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. თავისმხრივ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი წყალტუბოელებმაც შექმნეს, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა.
17 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 35 ქულით პირველ ადგილს იკავებს და თბილისის „დინამოს“ ურთიერთშეხვედრების უკეთესი მაჩვენებლით უსწრებს. სოსო ფრუიძის გუნდი კი 23 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში ბათუმის „დინამო“ გორის „დილას“ ესტუმრება, „სამგურალი“ კი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.





