უცნაური რამ მოხდა მიმდინარე როლან გაროსზე. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა და დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ საფრანგეთის ღია პირველობა საკუთარი ნებით დატოვა.
პირველ წრეში რუმინელი პატრისია ტიგის დამარცხების შემდეგ, იაპონელი ჩოგბურთელი სავალდებულო პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ის 15 ათასი დოლარით დააჯარიმეს.
როლან გაროსის დაწყებამდე, ოსაკამ საჯაროდ გამოაცხადა და ორგანიზატორებსაც თხოვნით მიმართა, რომ ტურნირის დასრულებამდე მედიასთან ურთიერთობა არ სურდა, რადგან დეპრესიას განიცდის. იაპონელმა ჩოგბურთელმა სიტყვა შეასრულა და საპრესკონფერენციო დარბაზში არ გამოცხადდა.
საბოლოოდ, ნაომი ოსაკამ როლან გაროსის საკუთარი ნებით დატოვება გადაწყვიტა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.
„2018 წლის შემდეგ დეპრესია მაწუხებს და მასთან გამკლავება მიჭირს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მუდამ ყურსასმენებით გადავადგილდები, რადგან ეს შფოთთან ბრძოლაში მეხმარება.
როდესაც მედიასთან ურთიერთობა მიწევს, დიდი ვნებათაღელვა მემართება და შფოთი მიპყრობს. ამიტომაც ვთხოვე ორგანიზატორებს პრესკონფერენციებზე დასწრებას ნუ მაიძულებდნენ.
პარიზში უკვე თავი დაუცველად ვიგრძენი და გადავწყვიტე ჟურნალისტებთან არ მეკონტაქტა. ვფიქრობ, რომ ეს წესი მოძველებულია. როგორც უკვე ავღნიშნე ორგანიზატორებს ამის შესახებ ადრე ვაცნობე.
გადავწყვიტე როლან გაროსი საკუთარი ნებით დავტოვო და მცირე შესვენება ავიღო. შევხვდებით, როცა შევხვდებით“ – აღნიშნავს ნაომი ოსაკა.
ამრიგად, მიმდინარე საფრანგეთის ღია პირველობას, ქალთა შორის ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი გამოაკლდა. ნაომი ოსაკა პარიზს თავისი ნებით დაემშვიდობა.





