ბულონის ტყეში დიდი საჩოგბურთო ბატალიები გაჩაღდა, ოღონდ ჯერ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯახები.
ჩვენი ყურადღება ბუნებრივია ეკატერინე გორგოძის და მარიამ ბოლქვაძის მიმართ არის მიპყრობილი, რომლებიც საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლას სწორედ საკვალიფიკაციო ტურნირიდან შეეცდებიან.
ელიტაში შესაბიჯებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა მარიამ ბოლქვაძემ. ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში მეტად გამოცდილი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ორ სეტში – 6:4, 6:3 დაამარცხა.
34 წლის ბონდარენკო თავის დროზე რეიტინგის 29-ე ნომერიც იყო და ამ მატჩშიც სპეციალისტები ფავორიტად სწორეს მას მიიჩნევდნენ, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა კორტზე არაფერი დაუთმო და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ვერა ზვონარევა იქნება. რუსი ჩოგბურთელის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ფავორიტის სტატუსი ექნება. თავის დროზე ვერა ზვონარევა მსოფლიოს მეორე ჩოგანიც კი გახლდათ.





