ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სასტუმრო „შერატონში“ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მარტის თამაშებზე, დებიუტანტებზე, კვარაცხელიაზე და ბათუმის ახალ სტადიონზე გასამართ მატჩებზე:
„მარტის თამაშებში მეტი იყო შესაძლებელი. მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. დავინახეთ, რა ნაბიჯებია გადასადგემელი, უკეთესი შედეგი რომ გვქონდეს. მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ შესაძლებლობებით და რესურსით, რაც ნაკრებმა აჩვენა.
ბათუმში არაჩვეულებრივი სტადიონია, საოცარი ატმოსფეროთი. დიდ და პატარა არენებს შორის განსხვავება არის, მაგრამ მთავარი მაინც სტადიონზე არსებული ატმოსფეროა, რაც ბათუმში მომეწონა. მაგრამ ახლა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებზე ვფიქრობ“, – განაცხადა სანიოლმა.
მედიის კითხვები შემადგენლობაში წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელის, გიორგი კუხიანიძის გამოძახებას და გიორგი ქვილითაიას განაცხადს მიღმა დატოვებასაც ეხებოდა.
კუხიანიძის მოწვევა ნამდვილად სიურპრიზი იყო. იგი სხვა მოთამაშეებისგან განსხვავდება, ძალიან მონდომებულია და საინტერესო იქნება მისი ნახვა. რაც შეეხება ქვილითაიას, ვთვლი, რომ მას კარგი რესურსი აქვს. მოთამაშე ნაკრებში 100 პროცენტით მზად უნდა იყოს, რომ შესაძლებლობები აჩვენოს, მაგრამ სასურველი იქნება, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყოს. ის პროფესიონალია და იმედია, ამ ნაბიჯს გაგებით მოეკიდება. ამ ეტაპზე კუხიანიძის ნახვა მინდა, შემდგომში კი მჯერა, რომ ქვილითაია გუნდს ისევ დაეხმარება“, – განმარტა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგის შესახებაც ისაუბრა:
„საქართველოს ჩემპიონატზე ჩემი შეხედულება მაქვს. თუ რაღაცის შეცვლაზე ვისაუბრებთ, აჯობებს გუნდების წარმომადგენლებთან ვილაპარაკო. თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანია ფიტნესი და ფიზიკური მომზადება. იმედია, უახლოეს წლებში ამ კუთხით უკეთესი ვითარება იქნება“, – განაცხადა სანიოლმა.
ფრანგი მწვრთნელი კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა:
„კვარაცხელიას საინტერესო და რთული სეზონი ჰქონდა. ტრავმის გამო თამაშები გაუცდა, მაგრამ რთული ტრავმები არ იყო და ჩვენთან ერთად მოემზადება. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მას ტრავმა აქვს და მასთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა. მაგრამ ის გვჭირდება და იმედია სრულად მომჯობინდება.“
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელის არგამოძახება იყო, რასაც სანიოლმა ასე უპასუხა:
„გიორგი ქოჩორაშვილს ვაკვირდებით. ის კარგ ლიგაშია, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო არ აქვს. „ლევანტეს“ მეორე და ეროვნული გუნდის დონეს შორის კი დიდი სხვაობაა, მაგრამ ის ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. ბერიძე საინტერესოა, მაგრამ ამ პოზიციაზე ახლა დავითაშვილი და მოვიწვიეთ. რაც შეეხება მამუჩაშვილს, საინტერესო მოთამაშეა და ვაკვირდებით“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთის ნაკრებს ესტუმრება, 6 ივნისს კი ასევე სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.








