მას შემდეგ რაც წყალტუბოს „სამგურალში“ მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე დაინიშნა, იმერული გუნდი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და რაც მთავარია შედეგიც სახეზეა.
ჯერ იყო და წყალტუბოელებმა ფრუიძის თავკაცობით თბილისის „დინამოს“ მოუგეს, დღეს კი გორის „დილაც“ დაამარცხეს, თანაც მათსავე მოედანზე.
არადა, გორელები გამარჯვების შემთხვევაში 13 ტურის შემდეგ სულაც ეროვნული ლიგის ლიდერები ხდებოდნენ, რადგან ბათუმის მსგავსად 25 ქულას დააგროვებდნენ.
გორის „დილას“ ქომაგთა სამწუხაროდ, მათმა საყვარელმა გუნდმა შინაურ კედლებში მეტად არასასურველი და მტკივნეული მარცხი იწვნია. წყვილის ფავორიტად უდავოდ გორელები მიიჩნეოდნენ, თუმცა სოსო ფრუიძის შეგირდებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და სულად 2:1 გაიმარჯვეს.
სტუმართაგან გოლები კირკიტაძემ და ახვლედიანმა გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან თავი კონგოელმა ლეგიონერმა ეტოუმ გამოიჩინა.
„სამგურალმა“ 16 ქულით მე-5 ადგილზე აინაცვლა, ხოლო გორის „დილა“ 22 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.





