ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ახლახანს დასრულებულმა მადრიდის მასტერსმა ალექსანდრე ზვერევის სრული ტრიუმფით ჩაიარა.
24 წლის გერმანელმა მეჩოგნემ ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, გზად თვით რაფაელ ნადალს და დომინიკ ტიმს გადაურბინა, ფინალში კი იტალიელ მატეო ბერეტინის აჯობა, რომელიც რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის სასტარტო მეტოქე იქნება.
საპრესკონფერენციო დარბაზში ალექსანდრე ზვერევი, რომელმაც მასტერსის ტიტული კარიერაში მეხუთეთ მოიგო გაბადრული სახით შევიდა, თუმცა მალე ხასიათი მოეჟამა. მიზეზი კი ჩვენი გერმანელი კოლეგების რბილად რომ ვთქვათ უცნაური ქცევა იყო.
როდესაც ჯერი გერმანელ ჟურნალისტებზე მიდგა, ისინი ჩუმად იყვნენ და ზვერევს კითხვები არ დაუსვეს.
„არცერთი? მასტერსი მოვიგე და დავიჯერო ერთი კითხვაც არ გაქვთ გერმანულ ენაზე? აი, ხომ ხედავთ, გერმანიაში ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ“ – თქვა აღშფოთებულმა ზვერევმა.
შეგახსენებთ, მადრიდში გაჩემპიონებით ალექსანდრე ზვერევმა 1000 სარეიტინგო ქულა და 315 ათასი ევრო გამოიმუშავა.





