გორში ეროვნული ლიგის მეათე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა, სადაც ბათუმის „დინამო“ მასპინძლის სტატუსით ქუთაისის ტორპედოს დაუხვდა. თბილისის „დინამოს“ „სამგურალთან“ მარცხის შემდეგ, ბათუმელებს სატურნირო ცხრილის ლიდერთან ჩამორჩენის 1-ქულამდე შემცირების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდმა „ტორპედოს“ დამარცხება ვერ შეძლო და ეს შანსიც გაანიავა.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე ბენჟამინ დეიდიმ გახსნა, რომელმაც ქუთათურების კარში ეფექტური გოლი გაიტანა. პირველი ნახევარი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი ძირითადად „ტორპედოს“ შეტევებით წარიმართა და ქუთაისელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. 78-ე წუთზე სტანდარტიდან გათამაშებული ბურთი გოლად ლუკა ქაფიანიძემ გარდასახა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. მატჩი საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.
10 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 22 ქულით თბილისის „დინამო“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 19 ქულით ბათუმის „დინამო“ იმყოფება, „ტორპედო“ კი ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს და 6 ქულა აქვს.





