ახალი მთავარი მწვრთნელის, ხვიჩა შუბითიძის თავკაცობით „საბურთალომ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. თბილისურმა გუნდმა, თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა, მანამდე კი „სამტრედიას“ ასევე გასვლაზე 3:2 აჯობა.
საგულისხმოა, რომ „საბურთალომ“ რკინიგზელები მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაამარცხა და თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. პირველ ტურში საბურთალოელებმა, რომელსაც მაშინ ლევან კორღალიძე წრთვნიდა „ლოკომოტივს“ 2:0 მოუგო.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ის მომენტებით უხვად დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა მატჩს დაძაბული ფონი მთელი 90 წუთის მანძილზე დაჰყვებოდა. მატჩის მიწურულს კი სულაც „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გააძევეს, რომელმაც ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მატჩის ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.
10 ტურის შემდეგ, „საბურთალო“ 17 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივმა“ უკვე მიჯრით მეორე მატჩი წააგო და 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.





