ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ფალავნებისთვის ურიგო არ გამოდგა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 წევრიდან, რომლებიც პოლონეთის დედაქალაქში გაშლილ ლეიბზე გავიდნენ, ორი ფალავანი – შმაგი ბოლქვაძე (72კგ) და აივენგო რიკაძე (82კგ) ხვალ შესაბამისად ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
შმაგი ბოლქვაძემ ფინალამდე 3 მეტოქე – შვედი სიონი, რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი, ხოლო ნახევარფინალში უნგრელი ატილა ფრიტჩი დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში სომეხ მალხაზ ამოიანს დაეჭიდება.
რაც შეეხება რიკაძეს, მისთვის ეს კონტინენტის პირველობა სადებიუტო გახლდათ და ის ფაქტი, რომ ნახევარფინალამდე გააღწია უკვე დადებით შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. ფინალში გადასავლელი ბრძოლა კი მან რუს მეტოქესთან დათმო.





