ფეხბურთელების სახლები რომ ხშირად ხდება მძარცველთა მსუყე სალუკმო არახალი ამბავია. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გამოჩენილი თუ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი გაუძარცვავთ, თუმცა ასეთ ფაქტებს ხშირად ადგილი მაშინ ჰქონია, როდესაც ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მოედანზე არიან.
კრის სმოლინგის შემთხვევაში კი გაცილებით რთული და საშიში ვითარება შეიქმნა. იტალიური „რომას“ მცველის სახლში 3 შეიარაღებული პირი ღამის საათებში შეიჭრა. ბუნებრივია, ასეთ დროს ფეხბურთელი მეუღლესთან და 2 წლის ვაჟთან ერთად შინ იმყოფებოდა.
მძარცველებმა სმოლინგი იარაღის მუქარით აიძულეს სეიფი გაეხსნა, საიდანაც ძვირადღირებული Rolex-ის ბრენდის საათი და სხვა ძვირფასეულობა მიითვისეს.
კრის სმოლინგის მეუღლემ პოლიციას დილის 5 საათზე გამოუძახა და გამოძიებაც დაიწყო.





