2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი შესაძლოა გადაიდოს. უფრო სწორად, დაწყების თარიღმა გადაიწიოს. მიზეზის გამოსაცნობად კი ვფიქრობთ გონების დიდად დაძაბვა საჭირო არ უნდა იყოს – ეს მსოფლიო პანდემიაა.
განრიგის მიხედვით, როლან გაროსის გათამაშება 23 მაისს უნდა დაიწყოს, თუმცა საფრანგეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი ისევ მოქმედებს და ადგილობრივი ხელისუფლებაც მის გაუქმებას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არ აპირებს.
როგორც პოპულარული ფრანგული გამოცემები იუწყებიან თუ კომენდანტის საათი არ მოიხსნა და ისევ ძალაში დარჩა, მაშინ ის ტურნირის გამართვასაც ხელს შეუშლის და ორგანიზატორებიც ფიქრობენ დაწყების თარიღი მინიმუმ ერთი კვირით გადაავადონ. ასეთ შემთხვევაში წლევანდელი როლან გაროსის გათამაშება 30 მაისს აიღებს სტარტს და 13 ივნისამდე გასტანს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ღია პირველობაზე წლეულს პირველად იგეგმება საღამოს სესიების გამართვა. ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ როლან გაროსზე მატჩები აქამდე მხოლოდ დღის შუქზე იმართებოდა.
აქვე ისიც დავძინოთ, რომ თუ როლან გაროსის დაწყებამ მართლაც 30 მაისამდე გადაიწია, ხოლო უიმბლდონი დათქმულ ვადებში ჩატარდა, მაშინ ამ ორ მეიჯორს შორის ხანგრძლივობა მხოლოდ 14 დღე იქნება.





