ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური უგოლოდ კი გაიხსნა, როდესაც „სამტრედიამ“ და „ტორპედომ“ 0:0 ფრე გააგორეს, მაგრამ სამაგიეროდ დრამატული, საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, დღევანდელი დღის პირველი მატჩი.
თბილისის „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სენსაციაც გამოცხვა. სტუმრებს გამარჯვების სიხარული ჯერ არ განეცადათ და ეს დღეს სწორედ რკინიგზელებთან მოახერხეს.
ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. საწყის 15 წუთში წყალტუბოელთაგან კუხიანიძემ და ბურჯანაძემ გაიტანეს და ჰაერში სენსაციის სუნიც დატრიალდა. მალევე გურამ კაშიამ გაქვითა და „ლოკომოტივს“ იმედები ჩაუსახა, თუმცა 27-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, კაშიასგან უკან დაგორებული ბურთი საჯარიმოდან ხეირიანად ვერ გამოიტანა, მეტოქეს ჩააბარა, რითიც წყალტუბოელთა ფეხბურთელმა ფონიავამ იდეალურად ისარგებლა და ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა.
პირველი ტაიმის მიწურულს კი „ლოკომოტივის“ შემტევმა კირკიტაძემ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდები შესვენებაზეც 2:3 ანგარიშით გავიდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მატჩის ბოლო გოლი გამოდგა. მეორე ტაიმში წყალტუბოელებმა თავი მშვენივრად დაიცვეს და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.






