ევროპა ლიგაზე ყველა 1/16 ფინალისტის ვინაობა გარკვეულია. ტურნირის დასკვნითი მატჩები წარმატებული გამოდგა ქართველი ფეხბურთელების ნაწილისთვისაც. ლუკა ლოჩოშვილის და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერი საკუთარ მოედანზე ფეინოორდს შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ის ვოლფსბერგის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ლოჩოშვილმა ჰოლანდიელთა რამდენიმე სახიფათო იერიში გააჩერა და მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურად ითამაშა. რაც შეეხება გურამ გიორბელიძეს, სამწუხაროდ ის მოედანზე არ გამოჩენილა.
საბოლოოდ, ავსტრიულმა გუნდმა ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ნამდვილად ფანტასტიური შედეგია. ავსტრიელები ევროპა ლიგის დებიუტანტები არიან და პირველივე ასპარეზობაზე ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. ვოლფსბერგერის უკან ისეთი გუნდები აღმოჩნდნენ, როგორებიც არიან ფეინოორდი და მოსკოვის ცსკა. შესაბამისად, ლოჩოშვილიც და გიორბელიძეც ტურნირის დასკვნით სტადიაზე ითამაშებენ. მათ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული ხოჭოლავაც შეუერთდება და საერთო ჯამში, ფლეი-ოფში 3 ქართველს ვიხილავთ.
სამწუხაროდ, გათამაშებას გამოეთიშნენ გიორგი ჩაკვეტაძის გენტი და ნიკა კაჭარავას ლეხ პოზნანი.
1/16 ფინალში გასული გუნდების სია ასე გამოიყურება – რომა, არსენალი, ლევერკუზენი, რეინჯერსი, პსვ ეინდჰოვენი, ნაპოლი, ლესტერი, მილანი, ვილიარეალი, ტოტენჰემი, დინამო ზაგრები, ჰოფენჰაიმი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრიუგე, შახტარი, აიაქსი, იანგ ბოიზი, მიოლდე, სლავია, ბენფიკა, გრანადა, რეალ სოსიედადი, ბრაგა, ლილი, მაკაბი თელ ავივი, ანტვერპენი, ვოლფსბერგერი, ცრვენა ზვეზდა, კრასნოდარი, ზალცბურგი, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი.








