საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თბილისის „დინამოს“ თასების მფლობელთა თასის მოგების 40 წლის იუბილე მიულოცა.
საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა მისალოცი სიტყვა პლენალური სხდომის დაწყებამდე წარმოსთქვა.
„არ შემიძლია, არ აღვნიშნო დღევანდელი დღე, რომელიც, მართალია, 40 წლის წინ იყო და არ მივულოცო ის დიდი გამარჯვება ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. დღეს 13 მაისია და ნამდვილად საამაყო დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ გამარჯვებებს, რომლებიც სპორტის სხვა სახეობებშიც გვაქვს, როგორებიცაა რაგბი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, კალათბურთი და ასე შემდეგ, მათი საამაყო წარმომადგენლები მიგვაღწევინებენ დიდ შედეგებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის წინ თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 1981 წლის 13 მაისს ქართველმა ფეხბურთელებმა თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ-ცაისი“ 2:1 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. გერმანული კლუბის კარში გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.





