საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და გოლდენ სტეიტის რიგებში 2 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელმა ზაზა ფაჩულიამ ბერძენ კალათბურთელ იანის ანტეტოკუნმპოზე ისაუბრა, რომელმაც მილუოკი ბაქსთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მილუკოკელებმა ფინიქს სანსს ფინალური სერია 4:2 მოუგეს, იანისმა კი საჩემპიონო თამაშში 50 ქულა ჩააგდო. ფაჩულია ამ ამბავს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:
“იანის ანტეტოკუნმპო. 24 წლის MVP, 25 წლის MVP/სეზონის საუკეთესო დამცველი, 26 წლის NBA-ს ჩემპიონი/ფინალის MVP. ეს ახალგაზრდა 10 წლის წინ, ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს, დღეს კი ის NBA-ს ჩემპიონია. ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია”.
ახლა, ბერძენი ვარსკვლავის წლიური ხელფასი 25 მილიონზე მეტია, ფაჩულია კი ერთ-ერთი კალათბურთელია, რომელსაც ის ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებს. ცნობილი ფაქტია, რომ მილუოკური კარიერის სტარტზე იანისს დახმარებას სწორედ ქართველი ცენტრი უწევდა და მისთვის არაერთი საჭირო რჩევა მიუცია. შეგახსენებთ, რომ ანტეტოკუნმპო ბაქსში 2013 წლიდან ირიცხება, ზაზა კი მილუოკის ღირსებას 2013-15 წლებში იცავდა.






