რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ტულის “ასენალი” მოსკოვის ცსკა-სთან 0:2 დამარცხდა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მან პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო.
42-ე წუთზე დავითაშვილმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ აკინფეევმა ბურთი მოიგერია. სწორედ ამ მომენტში რუსმა მცველმა ფერნანდესმა ზურიკო უხეშად წააქცია. ქართველი მოედნიდან თანაგუნდელებმა გაიყვანეს და თამაშის გაგრძელებაც ვეღარ შეძლო.
“ჩემპიონატმა” ზურიკო დავითაშვილი 6.5 ქულით შეაფასა. WhoScored-მ კი 6.3-ით. მან კარში ზუსტად ერთხელ დარტყა, 1 დრიბლინგი განახორციელა და 17 პასი გააკეთა.
მატჩის შემდეგ ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ ამინდში თამაში რთულია.
“სერიოზული არაფერია, კოჭი გადამიბრუნდა. ვიცოდით, რომ ძალიან ციოდა მოსკოვში. ასეთ ამინდში თამაში ძალიან ძნელია, თუმცა ტრავმა ამის გამო არ მიმიღია”, – თქვა ზურიკომ.
ცნობისთვის, 20 წლის ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.





