25 მარტს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთთან გასვლითი დაპირისპირებით იწყებს.
ჯვარსონების მთავარი მწვრთნელის, ვინი სანიოლის ქართველი ასისტენტი გადაცემა „ტაიმაუტში“ მოუახლოებულ მატჩებზე და სავარაუდო შემადგენლობაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
„ვილი სანიოლის ნაკრებში მოსვლის დღიდან ჩვენი მთავარი კრედოა დავივიწყოთ წარსული. არ გვაინტერესებს რა იყო ვლადიმირ ვაისის დროს, მთავარია რა არის ახლა, რას შევცვლით და როგორ ვითამაშებთ მომავალში.
რაც შეეხება შემადგენლობას, შვედეთთან მატჩამდე ერთი კვირით ადრე ფეხბურთის ფედერაციას უკვე სია უნდა მივაწოდოთ, რათა მათ საზოგადოებას ამცნოს.
საწყენია, რომ წიტაიშვილმა თითი მოიტეხა და გამოგვაკლდება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ვნახე მისი რამდენიმე თამაში ბელგიის მეორე დივიზიონში და შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არატიპიური ქართული მენტალიტეტის ფორვარდია. ვფიქრობ თავდასხმაში კარგი და ეფექტური შერწყმა გამოგვივა.
მთავარია სათამაშო პრაქტიკა ვის ექნება, თორემ ბუდუ ზივძივაძისთვისაც, გიორგი ქვილითაიასთვისაც, ბაჩო არაბულისთვისაც და ყველასთვის ნაკრების კარი ღია იქნება.
მოახლოებული 3 თამაშისთვის ვისაც გამოვიძახებთ ეს არ იქნება ბეჭედ დარტყმული სია, რომ მხოლოდ ეს ფეხბურთელები გვეყოლებიან შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე.
ვილი სანიოლი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, უბრალოდ გააჩნია მეტოქეს. შვედეთთან სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ, ესპანეთთან თავისთავად განსხვავებული ტაქტიკა იქნება.
სად გვიჭირს ყველაზე მეტად? იქ, სადაც ფეხბურთელებს თავიანთ გუნდებში ყველაზე ნაკლები პრაქტიკა აქვთ. ეროვნულ ნაკრებში უგუნდოდ მყოფი ფეხბურთელი არ გვეყოლება. ეს ლოგიკას მოკლებულია“ – აღნიშნა ზურაბ ხიზანიშვილმა.








