„განსაკუთრებული“ იტალიაში ბრუნდება. ჟოზე მოურინიო მომავალი სეზონიდან „რომას“ ჩაიბარებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა რომაულ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
58 წლის მოურინიოს მომავალი საქმიანობის ამ მოულოდნელ შემობრუნებას გამოეხმაურა ახლო წარსულში „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების გამორჩეული ფიგურა ალესანდრო დელ პიერო.
„ვფიქრობ, მოურინიო იტალიურ გუნდებს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ფეხბურთს იდეალურად ერგება. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იტალიაში უყვართ დაცვითი ფეხბურთი. ჟოზე კი სწორედ ამ სტილის მიმდევარია.
რომაში არ თამაშობენ სუპერვარსკვლავები და ამიტომაც მოურინიო შეძლებს თავისი გეგმა განახორციელოს. ასეთ გუნდებში ის ძალზედ ეფექტურია.
ჩემი აზრით, მოურინიოს იტალიაში დაბრუნება სერია ა-ს გაცილებით საინტერესოს და ძლიერს გახდის, თუმცა როგორც „იუვენტუსის“ ქომაგი ნაწყენი ვარ, რადგან შემტევი ფეხბურთი მიყვარს. რთულია მოურინიოს გუნდებს რამე მოუხერხო და გატეხო. როდესაც, მომავალ სეზონში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან ეს კბილის ამოღების მაგვარი რამ იქნება“ – ამბობს ალესანდრო დელ პიერო.





