წელიწადზე მეტია ქართულ რაგბში დაძაბული ვითარებაა. ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხდება ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. 24 თებერვალს კიდევ ერთი ყრილობა ჩაინიშნა და არავინ იცის ამით დასრულდება თუ არა ყველაფერი.
„პრაიმსპორტი“ ახლო წარსულში ყოფილ მორაგბეს ზურა აფრიდონიძეს შეეხმიანა, რომელიც ამჟამად ქუთაისის „აიას“ მენეჯერია და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი თხოვა.
-ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს დაპირისპირება აუცილებლად უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელება ქართულ რაგბს მხოლოდ დააზიანებს. ოთხმოცდაათიან წლებში გავლილი გვაქვს ის საშინელი პერიოდი და უკან დაბრუნება არავის უნდა სურდეს.
რაგბი მუდამ ერთ ოჯახად იყო შეკრული. ასეთი ვითარება არასოდეს ყოფილა და ამიტომ რაც ხდება ჩემთვის ორმაგად გულდასაწყვეტია.
-გამოსავალს რაში ხედავთ?
-დაველოდოთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. ჯერ პასუხი ცნობილი არ არის. თუ ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად დაამტკიცებენ მაშინ ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას და თუ არა, მაშინ ერთხელ თუ გაიმარჯვა, 24 თებერვალსაც ხომ შეიძლება იგივე განმეორდეს?
კიდევ ვიმეორებ, ამით ზარალდება რაგბი. უცხო არ არის არავინ. ერთი ოჯახი ვართ და ყველანაირად უნდა მოხერხდეს სიტუაციის განმუხტვა. რაგბი ყოველთვის ერთსულოვნებით გამოირჩეოდა და ეს არ უნდა დავივიწყოთ.








