5 წლიანი პაუზის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ დაბრუნდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი ლორიას კარში კლაესონს სწორედ ზლატანმა გაატანინა. იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო და ერთი მოძრაობით პასი გააკეთა, რომელსაც თანაგუნდელი გამოეხმაურა და ერთადერთი გოლიც გაიტანა.
შვედთა მოგება, მოგებად, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ჯვაროსნებთან დაპირისპირება ისტორიულიც გამოდგა. ვეტერანი შვედი ფორვარდი გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. აქამდე ეს რეკორდი მეკარე ტომას რაველის ეკუთვნოდა, რომელიც 38 წლის და 59 დღის იყო.
39 წლის ზლატანი შვედთა დამრიგებელმა 84-ე წუთზე შეცვალა. მომდევნო მატჩს იბრაჰიმოვიჩი და კომპანია 28 მარტს სტუმრად კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.





