მადრიდის „რეალის“ ქომაგებმა ოდნავ შვებით კი ამოისუნთქეს, მაგრამ არა გვგონია ბოლომდე თავი ქუდში ჰქონდეთ. „ატალანტა“ ის გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება უყვარს და ეს წინა სეზონშიც არაერთხელ გაუკეთებია.
სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ბერგამოელები სტუმრად 1:0 დაამარცხეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „რეალს“ საკადრო პრობლემები ჰქონდა და ძირითადის ერთბაშად 9 ფეხბურთელი მოისაკლისა. მათ შორის სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა.
ყოველივე ამის ფონზე კი მადრიდელთა გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. შედეგით კმაყოფილია ზინედინ ზიდანიც.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ანგარიში ჩვენთვის ხელსაყრელია. განსაკუთრებით ის, რომ სტუმრად ისე ვიმარჯვეთ გოლი არ გავუშვით. ეს კი პლეიოფის დაპირისპირებებში ძალზედ ბევრს ნიშნავს.
ნახავდით, რომ არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ამიტომაც, ორმაგად სასიამოვნო განცდაა ასეთ ვითარებაში წარმატების მიღწევა. მეტოქეც ძლიერი გუნდია და განმეორებით დაპირისპირებაში ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, თორემ შესაძლოა დავისაჯოთ.
დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად ძლიერად ვითამაშეთ. ეს ფაქტი მახარებს და მაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“ – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.





