ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში “თელავმა” შინ თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის მე-19 წუთზე ვაჟა ფაცაციამ ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს გიორგი ჯანელიძის საგოლე გადაცემას კვლავ ფაცაცია გამოეხმაურა და სხვაობა 2-მდე გაზარდა.
მეორე ტაიმში დედაქალაქელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მატჩის 53-ე წუთზე თემურ შონიას გოლით სხვაობა მინიმუმდე დაიყვანეს. საბოლოო ჯამში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩის შემობრუნება ვერ მოახერხა და თელავმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა.
29 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში თბილისის “ლოკომოტივი” მე-5 ადგილზე იმყოფება, “თელავი” კი მე-7 ადგილს იკავებს.
გიორგი მიქაძის გუნდი მომდევნო ტურში წყალტუბოს “სამგურალს” შეხვდება, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კი გორის “დილას” უნასპინძლებს.





