ფეხბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ამას წინათ, ევროპის ჩემპიონატისთვის უკრაინის ნაკრების ახალი ფორმის წარდგენას დიდი აურზაური მოჰყვა.
ანდრეი შევჩენკოს გუნდის სამოსმა გულისწყრომა რუსეთში გამოიწვია, თორემ სხვაგან არანაირი აჟიოტაში არ მომხდარა. პირიქით ყველას მოეწონა. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ მაისურზე დატანილი რუკა ყირიმის ნახევარკუნძულსაც მოიცავს. რუსთა აღშფოთებაც სწორედ ამან გამოიწვია.
ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ახალი ფორმა ნამდვილად განსაკუთრებულია. მას შეუძლია, შოკში ჩაგაგდოს. მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა გამოსახული, რომლებიც უკრაინელებს ლუგანსკიდან უჟგოროდამდე და ჩერნიგოვადან სევასტოპოლამდე აერთიანებენ“- აღნიშნა პრეზიდენტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრები პირველ მატჩს 13 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.





