საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო.
ლევან კობიაშვილის განცხადებით, ჩვენს გუნდს სავარაუდოდ ისევ უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის, თუმცა ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ერთადერთი, რაც უცხოელ მწვრთნელზე მიანიშნებს, თავად კობიაშვილის სიტყვებია, რომლის მიხედვითაც ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარის თქმის მიუხედავად, ფედერაცია მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანაში ფინანსურად არ შეიზღუდება.
„მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროც არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს. ფეხბურთის ფედერაცია ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს“, – განმარტავს ლევან კობიაშვილი.





