საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრები გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 1:0 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
“საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ გვქონია. ამხანაგურ მატჩებში თამაშის ხარისხს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე შედეგს, მაგრამ წლის ბოლო თამაში იყო, განწყობისთვის მოგება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ მოვიგეთ. შვედეთთან მატჩის შემდეგ მოთამაშეებს დამძიმებული ფეხები ჰქონდათ, მაგრამ დაცვა სპეციალურად არ შევცვალე. უნდა ვთქვა, რომ პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო. ახლა დიდი პაუზა გვაქვს, მაგრამ რომ არ ვთამაშობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობთ. განსაკუთრებით სანაკრებო პერსონალთან ერთად სხვადასხვა საქმის გაკეთება მოგვიწევს. ტაქტიკაზე მუშაობა, სამედიცინო კუთხით შრომა. ბევრს ვმოგზაურობთ, სხვადასხვა ქვეყანაში ფეხბურთელებს ვნახულობთ. საინტერესოა ფეხბურთელებთან ერთად მოედანს გარეთ კომუნიკაცია და მათთან სხვადასხვა თემის განხილვა, რასაც ვაპირებთ. მარტის შემდეგ გაწეული სამუშაოთი საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ სექტემბრის მატჩების გამო ისევ მრცხვენია. მარტი კარგი იყო, შემოდგომა კი პოზიტიურად ჩავამთავრეთ. ბევრი უნდა ვიმუშავოთ, გავიხსენოთ ჩვენი ცუდი მატჩები და პროგრესზე ვიზრუნოთ. ნაკრებს სულ აქვს მსგავსი პრობლემა, ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდებიან, 4-5 თვე არ ჩამოვლენ, თუმცა ჩვენი მიზანია, როცა ნაკრებს დაუბრუნდებიან, ისე თამაში მოახერხონ, როგორც ეს გასვლაზე კოსოვოში, შინ შვედეთსა და უზბეკეთთან გააკეთეს”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.





