3 თვიანი ლოდინი და გაურკვევლობა დასრულდა. მას შემდეგ რაც შარშან ნოემბერში სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ჯვაროსნები უთავკაცოდ იყვნენ, არადა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდეც ბევრი დრო აღარ რჩება.
15 თებერვალს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 31-ე დაბადების დღეზე, ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. ამ საპასუხისმგებლო მისიას 43 წლის ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი იკისრებს.
„მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა მე დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა.
დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს“ – ასეთია აწ უკვე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფრანგი ვილი სანიოლის პირველი კომენტარი, რომელიც თბილისში 21 თებერვალს ჩამოვა.





