„ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ესპანურ ტელეარხთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.
ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ერთ დღესაც წავალ. ხალხი მეუბნება რომ მე ეს მჭირდება, ჩემი მეუღლე, ანტონელაც მათ შორისაა. მეც ვგრძნობ რომ ფსიქოლოგის დახმარება მესაჭიროება, მაგრამ მასთან მისვლას ვერ ვბედავ. ზოგადად, ვინც მიცნობს იცის, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ვარ და სხვასთან, პირად პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს. ალბათ, ერთ დღესაც ფსიქოლოგის კონსულტაციით ვისარგებლებ. ვგრძნობ, რომ ეს მჭირდება“, – განაცხადა ლეომ.
არგენტინელი ფეხბურთელის მდგომარეობა ბარსელონაში ნამდვილად არ არის ისეთი, როგორც ეს თავად მას და „ბლაუგრანას“ ქომაგებს სურთ. გასულ ზაფხულში აქტიურად იწერებოდა უცხოურ პრესაში, რომ მესი „ბარსელონას“ დატოვებდა. ამის სურვილი თავად ფეხბურთელმაც გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. მოგვიანებით, 33 წლის ფეხბურთელმა განმარტა, მისი კლუბიდან წამოსვლა სასამართლო დავის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც თავად ფეხბურთელს არ სურდა. მომდევნო წლის ზაფხულში კი მას კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ, კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.





