ბოლო პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი მოგვევლინა. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ დებიუტმა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში სრული ფურორი მოახდინა. გიორგი ქოჩორაშვილი დროდადრო „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაშიც ხვდება. გიორგი მაკარიძე, რომელიც „ალმერიას“ უცვლელი წევრია, ასევე გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც „კადის B“-დან ძირითად გუნდში დაწინაურებისთვის იბრძვის, ახლა კი მათ რიგებს თბილისის „დინამოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლუკა ხარშილაძე შეემატა.
19 წლის ფეხბურთელი ამიერიდან „საბადელის“ ღირსსებას დაიცავს. ლუკა ამპლუით მეკარეა და მას „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები. თბილისური კლუბის გარდა ქართველი ფეხბურთელი ესპანური „დამის“ აკადემიაშიც ვარჯიშობდა და ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც არის.
ახალგაზრდა მეკარის მიზანი ესპანურ გუნდში თავის დამკვიდრება და უმაღლეს დონეზე თამაშია.
„პრაიმ სპორტი“ ლუკა ხარშილაძეს ესპანეთში დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
– როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს „საბადელში“?
– მგონია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან კარიერული წინსვლისთვის და განვითარებისთვის.
– სხვა შემოთავაზებები თუ გქონდა და რატომ გადაწყვიტე „საბადელში“ გადასვლა?
– რამოდენიმე ესპანური გუნდისგან დაინტერესება იყო, მაგრამ საბოლოოდ „საბადელი“ ვარჩიეთ როგორც მე, ისე ჩემმა აგენტმა.
– როგორი იყო ემოცია, როდესაც „საბადელში“ გადასვლის შესახებ გაიგე?
– ძალიან ბედნიერი ვიყავი, როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახის წევრები,ამ დროს დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ საკუთარ თავზე, ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია.
– როგორ დაახასიათებდი შენს მომავალ კლუბს?
– ყოველთვის ჩემპიონობისთვის მიმართული კლუბია.
– ვინ მიგაჩნია შენს პოზიციაზე საუკეთესოდ?
– მეკარე ვარ და ჩემი აზრით დღევანდელ ფეხბურთში განსაკუთრებული ყურადღება მეკარის ფეხით თამაშზეა გამახვილებული, სწორედ ამიტომ ედერსონ მორაეშს და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ვანიჭებ უპირატესობას.
– ასაკობრივ ნაკრებებში თუ გითამაშია?
– დიახ, 2019 წელს ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სამივე მატჩი ვითამაშე, ასევე ელიტ რაუნდის სამივე მატჩი ჩავატარე, 19-წლამდე ნაკრებში კი სამწუხაროდ ყველა შესაძლო ღონისძიება გაუქმდა.
– შენ პირველ კლუბზე რომ გვესაუბრო? რამდენი წლის ასაკში შეხვედი ფეხბურთზე და ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი?
– პირველად ფეხბურთზე 5 წლის ასაკში იმედის სკოლაში შევედი, რომელსაც მერაბ მელაშვილი წვრთნიდა, მაგრამ მეკარეობა ზურა კვაჭახიამ შემასაწვლა, სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი განვითარება და დღემდე მეხმარება წინსვლაში.
– შენი აზრით, „დამის“ აკადემიაში მიღებული გამოცდილება როგორ დაგეხმარათ განვითარებაში?
– „დამში“ ერთი წელი გავატარე და საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ბევრი საინტერესო და ახალი გამოცდილება მივიღე, რომელიც დღემდე მეხმარება განვითარებაში.
– რას ეტყოდი დინამო თბილისს?
– მადლობას ვეტყვი, რომ შესაძლებლობა მომცა ზურა კაჩახიასთან, რეზი ნაჭყებიასთან, ლევან აბაშიძესა და გიორგი მაკარაშვილთან მემუშავა.
– რა გაძლევს მოტივაციას?
– პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახი და შემდეგ ჩემი მეგობრები.
– რა არის შენი მიზანი და ოცნება?
– ჩემი ოცნება და მიზნები ფეხბურთზეა მიმართული, სწორედ ამიტომ უპირველესი მიზანი „საბადელში“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა, ოცნება კი მაღალ დონეზე თამაშია.