შვედეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბოლო დროს ხვიჩას კარგი პერიოდი არ ჰქონია, თუმცა რა თქმა უნდა, მას ვენდობოდით და შემდეგშიც ვენდობით. ვფიქრობ, რომ თუ გვსურს, მისი კარიერა სწორად წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეცაა, აუცილებლად უნდა დავასრულოთ საუბარი ხვიჩას სამომავლო საკლუბო კარიერის შესახებ.
რაც შეეხება შეცვლას, შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, მან თავადაც გვანიშნა, რომ თამაში აღარ შეეძლო. ეს კი კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ის მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა.
რაც შეეხება შემადგენლობას, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხბურთელები მეტს თამაშობდნენ. მაგალითად, კაკაბაძესთან დაკავშირებით იყო კითხვა – მან კოსოვოსთან და დღეს, კარგი შეხვედრები ჩაატარა, ხოლო კაშია გამორჩეული მოთამაშეა.
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთბელმა თქვა, რომ ჩვენ საგოლე მომენტებში გაგვიმართლა? მას ვუპასუხებდი, რომ მის ნაკრებს ასევე გაუმართლა პირველ შეხვედრაში.
ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მომენტების რეალიზება შევძელით. მსურს აღვნიშნო მაყურებლის ფაქტორიც როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში.
უკეთესი მომავლის იმედი რა თქმა უნდა გვაქვს, რადგან გამარჯვებებს სტაბილური სახე უნდა მიეცეს. გვსურს, რომ ჩვენი გულშემატკივარი ხშირად გავახაროთ“, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 7 შეხვედრა გამართა. 2 მოგებით, 1 ფრით და 4 მარცხით ვილი სანიოლის გუნდმა ქვე-ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და შესარჩევი ციკლი მე-4 ადგილზე დაასრულა. წლის ბოლო დაპირისპირებას ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს, გორში უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.








