მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში შვედეთთან მინიმალური სხვაობით (0:1) წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის ემზადება.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ლუის ენრიკეს შეგირდებთან ჯვაროსნებს ჯახი 28 მარტს დინამო არენაზე ექნებათ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან 15 ათასამდე გულშემატკივარიც გაამხნევებს.
სამწუხაროდ, ცუდი ამბავი გავრცელდა საქართველოს ნაკრების ბანაკიდან. ეროვნული გუნდის ახალწვეული ჟორჟ მიქაუტაძე ვილი სანიოლის განკარგულებაში აღარ იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შვედეთთან დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო და უახლოეს ორ მატჩში ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება.





