ის რიხით და დიდი ბაქი-ბუქით კი დაბრუნდა, მაგრამ ოქტაგონზე კუდამოძუებული დარჩა. UFC-ის ქომაგები კონორ მაკგრეგორის და დასტინ პორიეს ბრძოლას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ, საბოლოოდ კი განსაკუთრებული სანახაობა ვერ იხილეს. ირლანდიელი მებრძოლი, ამერიკელმა მეორე რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა.
პირველი რაუნდი კონორის მცირე უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა. შემდეგ ჩხუბი ერთგვარ ძიძგილაობაში გადაიზარდა, რაც მაყურებლისთვის მოსაწყენია, მაგრამ როგორც გამოჩნდა ეს ამერიკელის ტაქტიკის ნაწილი ყოფილა.
მეორე რაუნდში, ორივე მებრძოლმა ინტენსიური დარტყმები გაცვალეს. დასტინ პორიე თავის შანსს მშვიდად დაელოდა, კონორ მაკგრეგორი კუთხეში მიიმწყვდია და სახეში მძლავრი დარტყმები დააყარა. ირლანდიელი ნოკდაუნში აღმოჩნდა, მსაჯმა კი ბრძოლა შეაჩერა და გამარჯვებულად პიორე გამოცხადდა.
ამრიგად, ამერიკელმა სპორტსმენმა, 2014 წელს განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. დასტინ პორიეს ანგარიშზე 27 მოგება და 6 მარცხია. რაც შეეხება, კარიერის სამჯერ დამსრულებელ და ყოველ ჯერზე დაბრუნებულ კონორ მაკგრეგორს, მან 22-ჯერ მოიგო და 4 წააგო.
POIRIER FOLDED MCGREGOR!!!! #UFC257 pic.twitter.com/0pmXYUPvHy
— Big Boss (@LordBalvin) January 24, 2021





