„ლივერპულის“ საკვანძო ფიგურა და ბოლო პერიოდის წარმატებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავის გუნდზე გაბრაზებულია. ყოველშემთხვევაში, ასე ამბობს ეგვიპტის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და სალაჰის კარგი მეგობარი მუჰამედ აბუტრიკა.
მისი თქმით სალაჰი ცუდ ხასიათზეა და გუნდზეც გული აიცრუაო. აბუტრიკა ასევე ამტკიცებს, რომ მერსისაიდელთა ეგვიპტელი ფორვარდი გუნდში თავს უბედურად გრძნობსო.
„მე მას დავურეკე და დიდხანს ვისაუბრეთ. ვკითხე, გუნდში რა სიტუაცია იყო და თავად თავს როგორ გრძნობდა. ის აშკარად ნაწყენია, თუმცა ეს გარემოება მისი თამაშის ხარისხზე უარყოფითად არასოდეს აისახება. სალაჰი ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
მან თავისი გაბრაზების მიზეზიც გამანდო, თუმცა ეს საიდუმლოა და ვერ გაგიმხელთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „მიტდიულანდთან“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მას კაპიტნის სამკლაური არ ეკეთა და ამის გამო ნაწყენია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი დეტალია“ – ამბობს მუჰამედ აბუტრიკა.
ბოლო დროს, გავრცელდა ჭორები, რომ თითქოს სალაჰის გადაბირებით „ბარსელონა“ და „რეალი“ ძლიერ არიან დაინტერესებულნი. აქვე ისიც დავძინოთ, რომ ფიფას 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში სალაჰმა მე-6 ადგილი დაიკავა.





