ცუდია, რომ ჩაწყობილი მატჩები სამეფო სპორტს შემოეჩვია, მაგრამ საბედნიეროდ ეს მაღალ დონეზე ანუ ტოპ სპორტსმენებში არ ხდება და შედარებით უსახელო ჩოგბურთელები ცდუნდებიან.
ამჯერად ორმა რუსმა გოგონამ იცუღლუტა და ეს ძვირადაც დაუჯდათ. სოფია დიმიტრიევა და ალია მერდეევა საჩოგბურთო სამყაროში ცნობილები ნამდვილად არ ყოფილან და გვეეჭვება მათი ნათესავ-მეგობრების გარდა ვინმეს მათზე სმენოდეს, თუმცა პროფესიონალი ჩოგბურთელები იყვნენ და მათი გვარები WTA-ს რეიტინგშიც ფიგურირებდა. პირველი ათასეულს მიღმა იყო, მეორე კი 928-ე.
გოგონები სხვადასხვა ტურნირზე ხშირად წყვილთა თანრიგში ასპარეზობდნენ და სწორედ იქ წაიჭირეს თაღლითობაზე. გაირკვა, რომ ისინი სამართლიანი სპორტული თამაშების პრინციპებს არცთუ ისე იშვიათად არღვევდნენ და გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ.
არ არს დაფარული, რომელიც არ გამჟღავნდება. რუსი ჩოგბურთელებიც მახეში გაებნენ და სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს. მათ არა მხოლოდ კორტზე გასვლა და ჩოგნის ქნევა, არამედ ტრიბუნებზე გულშემატკივრის რანგში ყოფნაც აეკრძალათ.








