დინამო კიევი 20 წლის ქართველ შემტევს, გიორგი წიტაიშვილს დიდი ალბათობით, ახალ სეზონშიც იჯარით გაუშვებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მისი დამატება კვლავ სურს “ვორსკლას”, სადაც გასულ სეზონში იყო განათხოვრებული,თუმცა კიეველებს სხვა გეგმები აქვთ.
გენადი სლიუსარევი (ვორსკლას სპორტული დირექტორი): “წიტაიშვილთან დაკავშირებით, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც დინამო გადაწყვეტს, ისე იქნება. დღეისათვის მისი იჯარით აყვანის მთავარი კანდიდატი ჩერნომორეცია, რომელსაც იური მოროზი წვრთნის. ვერ ვამტკიცებ, რომ ზუსტად ასე მოხდება, მაგრამ წიტაიშვილი არც ჩვენ გვყავს დაბევებული. გიორგის საკითხს დინამო კიევი და მისი აგენტი გადაწყვეტენ”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა 30 მაისს საქართველოს პასპორტი მიიღო და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. “ტრანსფერმარკტი” გიორგი წიტაიშვილს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.








