იტალიის თასის ნახევარფინალში, „იუვენტუსმა“ ორმატჩიან დაძაბულ დაპირისპირებაში „ინტერი“ გამოაგდო და ფინალში მეტოქის მოლოდინშია.
განმეორებითი მატჩი ტურინში ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ტურინელებს მილანში 2:1 ჰქონდათ მოგებული და მომდევნო ეტაპზეც ამის ხარჯზე გავიდნენ.
მსაჯის სასტვენის შემდეგ კი ადგილი მცირე სკანდალს ჰქონდა. ისე ვისთვის როგორ. შესაძლოა ანდრეა ანიელის ანტონიო კონტეს მისამართით გამოთქმული სიტყვები ძვირად დაუჯდეს.
„გაიარე რა შეუგნებელო. წადი ერთ ადგილზე“ – იტყვის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის მისამართით. ამ დროს კი პირდაპირი რეპორტაჟი გათიშული არ იყო და ანიელის ხმაც ეთერში მჭახედ გაისმა.
ტურინელთა პრეზიდენტის გაღიზიანება კონტეს და „იუვენტუსის“ მცველის ანტონიო ბონუჩის შორის მომხდარმა კონფლიქტმა გამოიწვია, რომელიც მატჩის მიმდინარეობის დროს მოხდა.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტე 2011-2014 წლებში „იუვენტუსს“ თავკაცობდა.





