პრემიერლიგის მორიგ ტურში, რომელშიც „ლივერპულმა“ გასვლაზე „ვესტ-ჰემი“ 3:0 დაამარცხა, მერსისაიდელთა დაცვის ხაზში ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა ითამაშა. არ იფიქროთ, იურგენ კლოპი ჭკუიდან შეიშალა და მსგავსი ტიპის ექსპერიმენტები დაიწყოო. ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ „ლივერპულის“ ლაზარეთში მყოფ ფეხბურთელთაგან უმეტესობა სწორედ დამცველები არიან.
ამიტომაც, გერმანელ სპეციალისტს ამ ამპლუის ფეხბურთელი ჰაერივით ესაჭიროება და გუნდიც შესაფერისი ვარიანტის ძიებაშია. თითქოს საქმეც მოკვარახჭინდა და „ლივერპულმა“ საჭირო ფეხბურთელს საფრანგეთში მიაგნო – დუე ჩალეტა ცარი.
როგორც ინგლისური გამოცემები იუწყებიან მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და „მარსელის“ ხორვატი მცველი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ლივერპულში მიემგზავრებოდა. მან ჩემოდნები ჩაალაგა, აეროპორტში მივიდა, თვითმფრინავში კომფორტულად მოკალათდა და ფიქრებით უკვე ენფილდზე იყო, როდესაც ფრანგული გუნდი საქმიდან გავიდა. ტრანსფერიც ჩაიშალა და ხორვატიც გაოგნებული შინ დაბრუნდა.
ინგლისში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება.





