ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. მართალია, არისტოკრატები განმეორებით დაპირისპირებაში „პორტუსთან“ მინიმალურად 0:1 დამარცხდნენ, თუმცა პირველ მატჩში ორბურთიანმა მოგებამ მომდევნო ეტაპის საგზური მაინც მოუტანა.
ფეხბურთის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ინგლისურ და პორტუგალიურ გუნდებს შორის ორივე მატჩი ქალაქ სევილიაში გაიმართა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მერვედ გავიდა და ეს ინგლისურ გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
წაგებით არა, მაგრამ მატჩის შემდეგ საერთო შედეგით კმაყოფილი იყო „ჩელსის“ დამრიგებელი ტომას ტუხელი.
„სანახაობრივი მატჩი არ გამოდგა და ალბათ მაყურებელმაც ვერ ისიამოვნა, მაგრამ საქმეს წმინდა პრაგმატულად თუ მივუდგებით მთავარი მიზანი მიღწეულია. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელთანაც 90 წუთის უმაღლეს დონეზე ჩატარება ადვილი არ არის. პორტუ არის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს აიძულებს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოავლენინოს.
არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. არც დაცვაში გამოვიყურებოდით ცუდად და ვფიქრობ კარის მშრალად შენახვას ვიმსახურებდით.
საბოლოო ჯამში მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. მომავალ მეტოქეზე კი ახლა ვერაფერს გეტყვით. ისე, კი ვისურვებდი, რომ ეს ინგლისის პრემიერლიგაში მყოფი გუნდი არ იყოს“ – აღნიშნავს ტომას ტუხელი.
„





