ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა. იაპონური სააგენტო JapanToday-ს ინფორმაციით, ქართველ პარაძიუდოისტზე ადგილობრივმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ერთ-ერთი ქართველი პარასპორტსმენი სასტუმროს თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
მედიის ინფორმაციით, ტოკიოში ჩასულ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აეროპორტში კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოლიმპიადაზე შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, მთელი გუნდი იზოლირებულ სასტუმროში მოათავსეს.
12 აგვისტოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა დერეფანში ხმაური გაიგონეს, ერთ-ერთი მცველი, რომლის ასაკიც 60 წელია მათ გაჩუმებას ეცადა და საკუთარ ნომრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. Fuji TV-ის მტკიცებით, ამ დროს ერთ-ერთმა სპორტსმენმა, კერძოდ კი ძიუდოისტმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იატაკზე დააგდო. წინასწარი ინფორმაციით, მცველს ნეკნი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია მოთავსებული.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა აღიარა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მომხდარზე ბოდიშიც მოიხადა. ამის მიუხედავად, პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერის თქმით, სპორტსმენს პარალიმპიურ თამაშებზე დისკვალიფიკაცია ელის.








