ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. 25 აგვისტოს ჩვენს ქვეყანას ვერცხლის მედალი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოუტანა.
დღეს, მედლის მოპოვება კიდევ ორმა პარასპორტსმენმა სცადა. ძიუდოს ტურნირზე საკუთარი შესაძლებლობები 60 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანმა და 66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გამჯაშვილმა გამოსცადეს, მედალთან ყველაზე ახლოს კი გიორგი იყო, თუმცა ქართველი პარაძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. შესაბამისად, 27 აგვისტო ქართული დელეგაციისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
28 აგვისტოს პარალიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 4 პარასპორტსმენი დაიცავს. ისინი სპორტის სამ სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას:
პარაფარიკაობა: ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A კატეგორია) რაპირათი იფარიკავებენ. ქალთა თანრიგში შეჯიბრი, თბილისის დროით, გამთენიისას, 6:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 12:00 საათიდან გაიმართება.
პარაძიუდო: 28 აგვისტორს, საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე გიორგი ქალდანი (-73 კგ) გავა. ასპარეზობა, თბილისის დროით 5:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბოლკი კი 11:00 საათიდან.
პარაწოლჭიმი: აჰმად რაზმაზარი (+ 80 კგ) პირდაპირ ფინალურ ბლოკში დაიწყებს შეჯიბრს, რომელიც თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.








