1 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირი აიღებს სტარტს, საქართველოს ღირსებას კი 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია დაიცავს. 1/8-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე ფინელი მატი ელიას კუოსმანენი იქნება. შეჯიბრი თბილისის დროით 06:00-ზე დაიწყება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში 27 წლის ქართველი ხალიჩაზე 2 აგვისტოსაც, ფინალურ ბლოკში გამოვა.
შეგახსნებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს ნაკრებს 5 მედალი აქვს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ძიუდოში, -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა(-66), ლაშა შავდათუაშვილმა(-73) და გურამ თუშიშვილმა(+100) ვერცხლის მედლები აიღეს, ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





