სერენა უილიამსს, 2017 წლის შემდეგ დიდი მუზარადის ტურნირი აღარ მოუგია, ისე კი ჩოგბურთის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ ესაჭიროება, რომ ამერიკელმა მეჩოგნემ მეიჯორებზე 23-ჯერ იჩემპიონა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ მარგარეტ კორტს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც ერთით მეტი დიდი სლემის ჯილდოა.
სერენას ჩავარდნა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დედა გახდა. ამ საპატიო მიზეზის გამო მას წელიწადზე მეტი გაუცდა და კორტზეც ისე ყოჩაღად ვეღარ დაბრუნდა, როგორც მანამდე ირჯებოდა. უმცროსი უილიამსი სიგამხდრეს არასოდეს უჩიოდა და მუდამ ფერ-ხორციანი იყო, მაგრამ ორსულობის შედმეგ აკრეფილი წონა ბოლომდე ვეღარ დააგდო, რაც კორტზე გადაადგილებაშიც დისკომფორტს უქმნია.
იონ ცირიაკი ძველი თაობის ჩოგბურთელია, რომელიც ყოველთვის მკვახე კომენტარებით გამოირჩეოდა. ყოფილმა რუმინელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც 1970 წელს წყვილთა თანრიგში როლან გაროსი მოიგო სერენა უილიამსს კარიერის დასრულება ურჩია.
„ამ ასაკში და თან დიდი წონით, მას კორტზე გადაადგილება უჭირს. სერენა დიდებული ჩოგბურთელია, მაგრამ ოდნავი თავმოყვარეობა თუ შერჩენია, კარიერა უნდა დაასრულოს“ – ამბობს იონ ცირიაკი.








