ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს. 23 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა ვეტერანი, მაგრამ მაინც მონსტრი და დიდი სლემების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი დაამარცხა. საამისოდ ოსაკას ოდენ 75 წუთი დასჭირდა – 6:3, 6:4.
„მეიჯორის ფინალისტები არავის ახსოვთ. ამიტომ, თუ ამ სტადიამდე აღწევ, მაშინ გასამარჯვებლად თავი უნდა გადადო. ასე იქნება ამჯერადაც. შინ უტიტულოდ არ დავბრუნდები“ – იტყვის ოსაკა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
მართლაც ასეა. იაპონელ ჩოგბურთელს მეიჯორის ფინალები აქამდე 3-ჯერ უთამაშია და შედეგიც ასპროცენტიანი აქვს. ოსაკამ 2019 წელს სწორედ მელბურნში იჩემპიონა, ხოლო ორჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.
ნაომი ოსაკას მეტოქე 2021 წლის პირველი დიდი სლემის გადამწყვეტ მატჩში ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი იქნება, რომლისთვისაც ეს კარიერაში პირველი მეიჯორის ფინალია.







